ამჟამად საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის ფორმირების საკითხს წყვეტს. ნდობის ჯგუფი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა, რომლის უშუალო ფუნქციაც თავდაცვის და სამართალდამცავი ორგანოების საიდუმლო საქმიანობისა და ხარჯების კონტროლია; მის წინაშე ანგარიშვალდებულია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური; მას აქვს წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს შეეხება.
აქედან გამომდინარე, ნდობის ჯგუფის წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია მისი დაკომპლექტება მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის, ბიოგრაფიისა და რეპუტაციის დეპუტატებით. სამწუხაროდ წინა, მერვე მოწვევის პარლამენტმა გააუქმა ნდობის ჯგუფის წევრებისათვის კენჭისყრის აუცილებლობა, რამაც ამ ჯგუფის მნიშვნელობა, მისი პოლიტიკურ წონა და ლეგიტიმაციის ხარისხი დააკნინა. აღნიშნული უნდა შეფასდეს, როგორც უსაფრთხოების სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი.
საქართველოს კანონმდებლობით აუცილებელია, რომ ნდობის ჯგუფის წევრებმა გაიარონ უსაფრთხოების სამსახურების კანონით გათვალისწინებული შემოწმება მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ასევე, მათთან ერთად კომიტეტების სხვა წევრებსაც მოუწევთ ნატოს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა, რისთვისაც მათ დასჭირდებათ ნატოს უსაფრთხოების შემოწმების გავლაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” მოუწოდებს:
“კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” განცხადების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფში სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ პრობლემის ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაგვარებლად და მომავალში ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების განხორციელება. კოალიცია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.